ხარაგაულში გამგებლის არჩევა ვერ მოხდა
გამგებლების არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, სავარაუდოდ, ხუთი თვითმმართველი ერთეულიდან, სამში იქნება საჭირო. გარდა ამისა, მეორე ტურის საჭიროება დგება ახალციხეშიც, სადაც ქალაქის მერს ირჩევენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხარაგაულში პირველ ადგილზეა ”ქართული ოცნების” კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე, რომელმაც ხმების 49.87% მიიღო. მას ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი თამაზ ლომიძე მოჰყვება - ხმების 23.18%-ით.
ჭიათურაში ”ქართული ოცნების” კანდიდატმა ზურაბ კუპატაძემ გაიმარჯვა. მან ხმათა 51%-ით საარჩევნო ბარიერი გადალახა.
8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ახალციხეში - მერის, ხოლო ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გამგებლების არჩევნები ჩატარდა.
საკრებულოს შუადელური არჩევნები გაიმართა თბილისის (კრწანისი, ისანი, გლდანი), წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში.
მერებისა და გამგებლების არჩევა 50%-იანი ბარიერის პირობებში ხდება, ხოლო საკრებულოს მაჟორიტარად არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც სხვაზე მეტ ხმას მიიღებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















