"ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკმაოდ მძიმე შედეგები აქვს"
იმერეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებულბებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა. პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და ალტერნატიული, დროებითი გზის უმოკლეს ვადაში მოწყობას დაჰპირდა. პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნო ვანის მუნიციპალიტეტ სოფელ სუროში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს. კვირიკაშვილმა შესაბამის სამსახურებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა.
"საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მაქსიმალურად მოკლე დროში, როგორც კი გაშრება გზა და ტექნიკის მოსვლა იქნება შესაძლებელი, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა უკვე შეუფერხებლად მიმდინარეობს და საერთოდ დავასტაბილურებთ სიტუაციას. ვფიქრობთ, ძალიან მოკლე დროში შევძლებთ ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრას. რაც შეეხება მიყენებული ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე პერიოდში განვახორციელებთ და ვნახოთ, რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ვფიქრობთ, ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკმაოდ მძიმე შედეგები აქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. მთლიანობაში დღეს უკვე შედარებით, სიტუაცია სტაბილურია", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოფელ სულორში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.
გიორგი კვირიკაშვილი დღესვე სტიქიით დაზარალებულ მარტვილში ჩავა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















