თბილისში ზესტაფონელი მუშების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის „თვითორგანიზების ქსელი“,“ აუდიტორია 115“, „მწვანე მუშტი“ და იმერეთის მეტალურგიული პროფკავშირის წარმომადგენლებმა გამართეს.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა - ხელფასების გაზრდა ინფლაციის შესაბამისად, წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულების დაწესება 30 სამუშაო დღის ოდენობით, სიცოცხლისთვის საშიშ პირობების მქონე ადგილებზე დასაქმებული პირებისთვის კი შვებულება განისაზღვროს 40 კალენდარული დღის ოდენობით, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები გაზრდილი ოდენობით ანაზღაურდეს და მოხდეს კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.
როგორც იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ კახა მაჩიტიძემ განაცხადა, ფეროშენადნობ ქარხანაში მუშების შრომის უფლებები ილახება და ისინი საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვენ.
„ჩვენ 9 მაისს დავაანონსეთ გაფიცვა, მაგრამ ადმინისტრაცია მთელი ძალებით ჩაერთო და თანამშრომლები დააშინა, რომ ისინი სამსახურს დაკარგავდნენ, ხელფასებს ვერ მიიღებდნენ და გაფიცვა ჩაიშალა“, - განაცხადა კახა მაჩიტიძემ.
აქციაზე ასევე იმერეთის მეტალურგიული და სამთომრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წევრების მიმართ შევიწროებისა და დევნის ფაქტების გამოძიება ითხოვეს.
(ფოტო არქივი)
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















