ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია დაიწყება
უახლოეს მომავალში ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 50-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ხადურმა აღნიშნა, დაწყებულია მუშაობა აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
„ეს არის 50-კილომეტრიანი მონაკვეთი. აღნიშნულ გზას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამ რეგიონის სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის, ის რეალურად გამოაცოცხლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ამ სოფლებს. გარდა ამისა, ეს იქნება ახალი ავტომაგისტრალის, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყება რიკოთიდან-არგვეთამდე, პარალელური გზა. როდესაც რიკოთის უღელტეხილზე რაღაც მოვლენები ხდება, ამის გამო პრაქტიკულად, მოძრაობა შეფერხებულია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული გზის რეაბილიტაცია. ჩვენ დაწყებული გვაქვს ეს მოლაპარაკება აზიის განვითარების ბანკთან. ჩემი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები მუშაობენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკისგან აღებული ფინანსური რესურსი იქნება საკმაოდ საინტერესო პირობებით.
„ჩვენ ავიღებთ საკმაოდ საინტერესო პირობებით ფინანსურ რესურსს - ეს არის 24-წლიანი, მათ შორის, 13 წელი იქნება შეღავათიანი პერიოდი, საკმაოდ დაბალი განაკვეთით. ეს არის 80 მილიონი დოლარი 50 კილომეტრზე. ეს არის პრემიერ-მინისტრის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. იცით, რომ ამაზე მუშაობა მთავრობის შიგნით აქტიურად მიმდინარეობს.ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელის განხორციელებასაც უკვე ძალიან სწრაფად დავიწყებთ“, - განაცხადა ხადურმა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















