|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე ოპოზიცია ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას გეგმავს

ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადების მიზნით, ოპოზიცია ცალკე პროცესს იწყებს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას გეგმავს.

აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ეს ყავის სმის პარალელური პროცესი იქნება, რომელიც შალვა პაპუაშვილმა გააჩაღა“.

ვაშაძის თქმით, დაიდება ერთმანეთის ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტები, რომელზე დაყრდნობითაც ევროპელებს ექნებათ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, თუ ვინ გაითვალისწინა მათი რეკომენდაციები და ვინ - არა.

“ჩვენ სამოქალაქო სექტორთან კონკრეტულ სამუშაო პროცესზე შევჯერდით.

12-ვე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული საკანონმდებლო პროექტი უნდა დაიდოს, რომელიც ევროპელების რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, გვჭირდება 24/7-ზე მუშაობა ძალიან ბევრ იურისტთან, ორგანიზაციასთან, პოლიტიკოსთან ერთად, რათა სექტემბრისთვის საქართველოს პარლამენტში ერთობლივად დავარეგისტრიროთ კანონის პროექტების ფართო სპექტრში, რომლის მიღებაზეც დამოკიდებული იქნება ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ორშაბათიდან პარლამენტში სამუშაო ჯგუფების სისტემური შეხვედრები გაიმართება. კონკრეტული დროითა და ვადებით გვექნება ხელდაკაპიწებული მუშაობა იმისთვის, რომ დავდოთ კანონპროექტები, რომელთა მიღებაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს მოუტანს.

ვისაც იქეთ პროცესში მონაწილეობის სურვილი აქვს, გზა დამილოცნია. ჩვენ ფუჭ შეხვედრებში დროის ხარჯვას არ ვაპირებთ. ვაპირებთ დღე და ღამე მუშაობას, რათა ევროკავშირის მიერ მოცემული საშინაო დავალება შესრულდეს“, - განაცხადა ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი