|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Freedom House - საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირებულია

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 3.18-დან 3.07-მდე შემცირებული.

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს 2.50-დან 2.25-მდე შემცირდა საქართველოს ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ინდექსი, რისი მიზეზიც, ორგანიზაციის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმების კოლაფსი და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის აქტორების ქმედებების გამო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაა.

4.25-დან 4.00 ქულამდეა შემცირებული სამოქალაქო საზოგადოების რეიტინგი, რაც ასახავს შემწყნარებლურ გარემოს ძალადობრივი ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან 2021 წლის ივლისში განხორციელებულ თავდასხმებზე „თბილისი პრაიდსა“ და მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც დაგეგმილი „ღირსების მარშის“ გაშუქებას გეგმავდნენ.

ანგარიშის თანახმად, 2.75-დან 2.50-მდეა შემცირებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეიტინგი. „ეს განპირობებულია სასამართლო სისტემაში კრიზისის გაგრძელებითა და გაუარესებით, რაც გამოიხატება ოპოზიციის წარმომადგენლების საქმეების პოლიტიზებულ განხილვაში და მთავრობის მხრიდან რეფორმების განხორციელების წარუმატებლობაში,”- აღნიშნულია ანგარიშში.

 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაქსიმალური 100-დან 35 ქულა აქვს მინიჭებული და შეფასებულია, როგორც გარდამავალ - ჰიბრიდული რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ანგარიშში საქართველოს ქულა 36 იყო.

ავტორი: ნიუპრესი