"გპირდებით, 2018 წელს ქუთაისი გახდება უფრო პერსპექტიული"-გიორგი ჭიღვარია
ქუთაისის მერი თანაქალაქელებს ახალი წლის დადგომას ულოცავს.
,,ჩემო თანაქალაქელებო, ჩემო ქუთაისელებო, გილოცავთ ახალ 2018 წელს! დაე, ეს წელი ყოფილიყოს საქართველოს გამთლიანებისა და გაძლიერების წელიწადი. მინდა, ყველა ქუთაისელს ისეთი ცხოვრება ჰქონდეს, რომ არასოდეს ეფიქროს მშობლიური ქალაქის დატოვება. ასევე ყველა ის საახალწლო სურვილი აგვსრულებოდეს, რომელიც ჩავიფიქრეთ! გილოცავთ ყველას და გისურვებთ მალე ჩვენს ქალაქში და მთელ საქართველოში მხოლოდ ღიმილიანი და ბედნიერი სახეები გვენახოს.
ვისურვებდი, რომ ახალი 2018 წელი თითოეული ჩვენგანის ოჯახისთვის იყოს ბედნიერების, სიკეთის, სიხარულის მომტანი. ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს. ვისურვებ, მე ვიყო გარანტი, რომ ქუთაისი გახდეს ერთ-ერთი წარმატებული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი საქართველოში, ქუთაისი იყოს ქალაქი, სადაც ახალგაზრდები მოდიან, იღებენ განათლებას და ადგილზევე რეალიზდებიან.
ვისურვებ, ქუთაისმა ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნოს მისი ისტორიულ-კულტურული ნიშა. მე თქვენს წინაშე მაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მომანიჭეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ნდობისა და თანადგომისთვის.
გპირდებით, 2018 წელს ქუთაისი გახდება უფრო პერსპექტიული, იქნება უფრო მიმზიდველი და საინტერესო ვიდრე იყო.
დაე ახალი 2018 წელი ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეებისთვის წარმატებების, ბედნიერების და ახალი საინტერესო გამოწვევების წელი ყოფილიყოს!"-აცხადებს ქალაქის მერი.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















