ცხოველთა დამცველის ბრალდებას ააიპ „სპეციალური სერვისები“ ბრალდებებით პასუხობს
„ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ თავმჯდომარის ბრალდებას ააიპ „სპეციალური სერვისები“ გამოეხმაურა. ააიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი მჟავანაძემ თემურ ლაჭყეპიანის განცხადებას პროვოკაციული და მიზანმიმართული დანაშაული უწოდა.
როგორც მჟავანაძემ განაცხადა, ლაჭყეპიანის დღევანდელი ბრალდებების მიზეზი გუშინ მომხდარი ფაქტი გახდა.
„გუშინ თაბუკაშვილი ქუჩიდან შემოვიდა მოსახლეობის გამოძახება. მათ გვთხოვეს, წამოგვეყვანა მიუსაფარი ცხოველი თავშესაფარში. გავიდა ჩვენი ჯგუფი. წამოიყვანეს ძაღლი, რომელიც არის დაავადებული და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივებს. მოვიყვანეთ, ჩაუტარდა შესაბამის დახმარება და დავტოვეთ თავშესაფარში. თემურ ლაჭყეპიანმა ამის შემდეგ შემოთვალა, რომ ძაღლი არის მისი საკუთრება, ამიტომ ძაღლის ბედით დაინტერესებული ითხოვდა თავშესაფარში შემოსვლას და თურმე არ უშვებდნენ. დარეკა და შექმნა აჟიოტაჟი, თითქოს ძაღლი იძულების წესით წამოვიყვანეთ. შესაბამისად, გვიჩნდება კითხვა, შეიძლება ცხოველთა დამცველს ასეთი დაავადებული ძაღლი ჰყავდეს, რომელსაც არც საყელო აქვს და არც ჯანმრთელია? ოჯახის ძაღლი სხვაგვარად გამოყურება ხოლმე“, -აცხადებს მჟავანაძე.
მისი თქმით, თავშესაფარაში შესვლა ყველა უწყებისთვის დასაშვებია, თუმცა უნდა მოხდეს ააიპის ადმინისტრაციის გაფრთხილება დადგეგმილი ვიზიტის შესახებ.
„გუშინ დაწყებული შეტევა დღეს გააგრძელა პროვოკაციული განცხადებით, თითქოს ცხოველები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მათ მიმართ ხორციელდება სასტიკი მოპყრობა, ასევე განაცხადა, რომ მათ არ ეძლევათ აქ შემოსვლის უფლება, რაც არის ტყუილი. ჩვენ არავის ვუშლით აქ მოსვლას, თუ ჟურნალისტებისთვის არის ღია, რატომ არ შემოვუშვებთ ცხოველთა დამცველს? მაგრამ მათ არ სურთ წესების დაცვა, უნდათ ყოველდღე შემოვარდნენ აქ. ისიც ვერ გაუგიათ, რომ მონიტორინგი ნიშნავს დაკვირვებას და არა შემოწმებას. მით უფრო, რომ მათი ორგანიზაცია არის ააიპი და არა მონიტორინგის სამსახური“, -განაცხადა მჟავანაძემ.
გიორგი მჟავანაძის ლაჭყეპიანის იმ განცხადებასაც პასუხობს, სადაც ცხოველთადამცველი საქმეში უცხოელი ცხოველთადამცველების ჩართვას გეგმავს.
„ლაჭყეპიანის განცხადება, უცხოელი ცხოველთადამცველების ჩართვასთან დაკავშირებით არის სასაცილო, რადგან ჩვენთან იმყოფებოდნენ ადამიანები უცხოეთიდან, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ და რომელთაც განაცხადეს, რომ ძნელად მოიპოვება მსგავსი ტიპის თავშესაფარი ევროპაში. მათ შეაფასეს დადებითად და ამ ჩვენს ცხოველთადამცველებს რატომ არ მოსწონთ? სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია „იაიპის“ პრეზიდენტი, ვეტექიმი ამირან კოჩალაძე სტუმრობდა თავშესაფარს. მოიყვანა სტუდენტები და მოახდინა სწავლება. ეს არ არის ჩვენს ნებაზე მოწყობილი ორგანიზაცია, აქ მშნებელობა და მუშაობა სპეციალური ნორმებით ხდება“, -განაცხადა მჟავანაძემ.
ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარში ამ დროისთვის 150-მდე მიუსაფარი ძაღლია, რომელთაც შესაბამისი შემოწმებისა და ვაქცინაციის შემდეგ ქუჩაში აბრუნებენ. თავშესაფრის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების ვოლიერები ეწყობა, ასევე თავშესაფრები ეწყობა ქუჩაში დაჭერილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, არსებობს საოპერაციო კაბინეტი, ლაბორატორია და სპეციალური სათავსო საკვებისათვის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















