ქუთაისელ მეხანძრეებს ახალი ფორმები გადასცეს
ქუთაისის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, დღეს, სპეციალური ფორმები გადასცეს.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, მეხანძრეებს
რთული სამუშაო აქვთ და მათ მაქსიმალური კომფორტი სჭირდებათ.
"სახანძროში ძალიან რთული სამუშაოა და მეხანძრეებს
მოსახლეობის ძალიან მძიმე სიტუაციებიდან გამოყვანა უწევთ. წელს, ჩვენ ვეცადეთ გაცილებით
უკეთესი ხარისხის ფორმები შეგვეკერა მათთვის",- განაცხადა მურღულიამ.
ფორმების შესაძენად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტენდერი გამოაცხადა, სადაც ინდ/მეწარმე ,,ნოდარი ჭყონია“-მ გაიმარჯვა. მეხანძრე-მაშველებისათვის სპეციალური ფორმა - ტანსაცმელი 19 063 ღირებულებისაა.
სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის უფროსმა,
ნიკოლოზ კოღუაშვილმა მადლიერება გამოთქვა ახალ ფორმებთან დაკავშირებით, თუმცა "Newpress.ge"-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მეხანძრეები
პროფესიონალებად წლების განმავლობაში შეძენილი პრაქტიკული საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდნენ, მათი გადამზადება
კი, საჭიროების მიუხედავად, არ ხდება.
"ვერავინ მოახერხა მათი გადამზადება, რადგან ეს
დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თუმცა ჩვენი ბიჭები, მართლაც, თავიანთი საქმის პროფესიონალები
არიან. ისინი ვარჯიშობენ ყოველ დღე. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქუთაისის სახანძრო
უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავს", - განაცხადა ნიკოლოზ კოღუაშვილმა.
ავტორი: ასმათ ყურაშვილი





15:16
16:03
11:37
15:02
14:33
















