|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპონენტის ცემაში მონაწილე დეპუტატს კრიმინალური წარსული აქვს?

საკრებულოს დეპუტატს, რომელიც მერიაში მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი ფიგურანტია, კრიმინალური წარსული აქვს-ამის შესახებ „ნიუპრესს“ ინფორმაცია კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.

წყარომ იმედა საღინაძის წარსულზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატი ოპონენტზე თავდასხმაში მონაწილეობდა. მოწოდებული ინფორმაციით, იმედა საღინაძე შევარდნაძის მმართველობის დროს, იმდროინდელი  ავტოქარხნის მილიციის  განყოფილებაში მუშაობდა, საიდანაც ანალოგიური დანაშაულის გამო გაუშვეს. წყაროს მტკიცებით, მომხდარის გამო საღინაძემ აღნიშნული პერიოდი „cv“ საერთოდ არ შეიტანა.

წყაროს ინფორმაციითვე, შოთა მურღულიას მერობის დროს იმედა საღინაძე წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბექა ყანჩელის რეკომენდაციით  გუმათის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლად დაინიშნა, ამავე პერიოდში ის ფიზიკურად გაუსწორდა ქალაქ მუზეუმის ერთეულში მერიის წარმომადგენელს თ. ლ-ს, დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

დაპირისპირების ფაქტს „ნიუპრესთან“ საუბარში ადასტურებს თ.ლ, თუმცა მომხდარზე დეტალური საუბრისგან თავს იკავებს. მისი თქმით, დაპირისპირება ნამდვილად იყო, თუმცა შემდეგ „კაცურად დაილაპარაკეს“ და ამაზე საუბარი არ უნდა.

დაპირისპირების ფაქტს უარყოფს იმედა საღინაძე. მისი თქმით, მან არ იცის მეორე მხარემ რა დაადასტურა, თავად, რაც არ მომხდარა იმაზე ვერ ისაუბრებს. საღინაძე ასევე არ ადასტურებს შევარდნაძის დროს  „მილიციაში“ მუშაობას, მისი თქმით, მსგავსი რამ არ ყოფილა.

„გეშლებათ, საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?  მილიციაშია არ მიმუშავია. თ-მ რა დაადასტურა, არ ვიცი, ასეთი დაპირისპირება არ ყოფილა"-განაცხადა მან.

წყარომ ასევე ისაუბრა 2013-2014 წლებში იმედა საღინაძის იტალიაში ყოფნის შესახებ. მისი თქმით, საღინაძე ქალაქ ფლორენციაში არაკანონიერ საქმიანობას ეწეოდა და პარფიუმერიას იპარავდა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი, მას იტალიაში მყოფმა ქართველებმა დაუდასტურეს, ამის გამო მოხდა თუ არა საღინაძის სამშობლოში დაბრუნება, ინფორმაციას არ ფლობს.

იტალიაში ყოფნას ადასტურებს თავად საღინაძე, თუმცა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და ტყუილი, რადგან მას არაკანონიერი არაფერი ჩაუდენია.

„რას მეუბნებით, რომ ვიპარავდი? არასწორი ინფორმაციაა, არავითარი კრიმინალური წარსული მე არ მაქვს.  ვიყავი ბიზნესში, 2004 წელს, როდესაც მოვიდნენ ჩამომართვეს ყველაფერი, 2012 წლამდე არაფერს ვსაქმიანობდი, მერე შევედი პარტიაში. 2015 წლამდე უმუშევარი ვიყავი, 2015 წელს დავინიშნე საბინაო სამსახურში.  ეს არის ჩემი სამუშაო cv  და კრიმინალური წარსული არ მაქვს. რაც  შეხება იტალიას, იტალიაში ვმუშაობდი და ხელი არაფერზე მაქვს დადებული“, -აცხადებს საღინაძე.

 მას ასევე ისაუბრა საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე და განმარტა, რომ ეს არა ძალადობა, არამედ მცირე შეხლა-შემოხლა იყო.

„იმედი მაქვს „ნაციონალების“ გამოძიება არაა და არის ის გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს და არავითარი ჯგუფური თავდასხმა იქ არ ყოფილა, როგორც თქვენ ამბობთ, იყო პატარა შეხლა-შემოხლა, მივეცი ჩვენება, გამოძიება დამისვამს მაგ კითხვას და დაადგენს“, -განაცხადა იმედა საღინაძემ.

რაც შეეხება ბექა ყანჩელის რეკომენდაციას, ყანჩელის თქმით, იმედა საღინაძის და მის გზები არჩევნების დროს გადაიკვეთა და იქამდე ურთიერთობა არ ქონდათ. ყანჩელი ვერ ადასტურებს საღინაძის „მილიციაში“ მუშაობის ფაქტს და ამბობს, ასეთი რამ რომ ყოფილიყო, აუცილებლად გაჟღერდებოდა.

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს ქუთაისის მერიაში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

p.s. მუშაობდა თუ არა იმედა საღინაძე შსს-ს რომელიმე უწყებაში, ამის შესახებ საჯარო ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველოდებით. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა