პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიის წარდგენას არ ჩქარობენ
არჩევნებში მონაწილე პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა პარტიული სია 8 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.
ცესკოს წარმომადგენლის განმარტებით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა პარტია/საარჩევნო ბლოკი ვალდებულია პარტიული სია ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგინოს.
ამ დროისათვის, ცესკოში საარჩევნო სია არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ წარუდგენია. საზოგადოებისათვის ცნობილია "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია, ასევე სხვადასხვა პარტიების, მათ შორის "რესპუბლიკელების", "თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო სიის ნაწილი.
პროპორციული სიის გასაჯაროვებას არ ჩქარობს მმართველი პარტია. ამ დრომდე უცნობია, თუ რა პრინციპით შედგება სია და რა ადგილს დაიჭერს მასში რეგიონალური წარმომადგენლობები.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 8 სექტემბრამდე ყველა პროცედურა მოესწრება. "ჯერ კიდევ გვაქვს დრო საარჩევნო სიის წარდგენის, თუმცა არ არის გამორიცხული, მანამდეც გავმართოთ სიის ძირითადი ნაწილის პრეზენტაცია", განაცხადა მან.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















