შსს ქუთაისელ მოქალაქეს მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს
რამდენიმე დღის წინ „გირჩის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ქუთაისელმა იუზა ხურცილავამ განაცხადა, რომ საზღვარზე ჩხრეკისას მისი ავტომობილი დაშალეს. ხურცილავა პოლიციას ზარალის ანაზღაურებას თხოვდა.
"ნიუპრესთან" საუბრისას, იუზა ხურცილავამ განაცხადა, რომ დაუკავშირდნენ და ზარალის ანაზღაურებას დაპირდნენ.
„გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც ჩემი მხრიდანაც იყო გამოწვეული, ავტომობილის შეკეთება შეფერხდა. დღეს დამიკავშირდნენ, შევხვდი და მითხრეს, რომ ზარალს აანაზღაურებენ. ამჟამად ავტომობილი ხელოსანთანაა“,-განაცხადა ხურცილავამ.
ფაქტს დადებით შეფასებას აძლევს „გირჩის“ იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი. მისი თქმით, შსს-ს მხრიდან რეაგირება კარგი ფაქტია.
„კარგი ფაქტია, რომ შსს-სგან მოჰყვა რეაგირება, იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდება“, -განაცხადა ცამციშვილმა.
შეგახსენებთ, ხურცილავა რამდენიმე კვირის წინ გერმანიიდან საკუთარი ავტომობილით ჩამოვიდა, სარფში ჩხრეკისას კი მისი ავტომობილი დაშალეს.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















