|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი სამსახურს ეძებს

ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი სამსახურს ეძებს. მირანდა კუპრავამ სოციალურ ქსელში დაწერა,  რომ დამატებით სამსახურს შეითავსებს. „ნიუპრესი“ დაინტერესდა, ხომ არ აპირებს კუპრავა თანამდებობის დატოვებას, რომელიც ქალაქის მერიაში უჭირავს. 
„არ ვაპირებ სამსახურის დატოვებას მერიაში. დავწერე პოსტი, რომ დამატებით სამსახურს ვეძებ 24 საათიან რეჟიმში, რადგან დამატებითი შემოსავალი მჭირდება“, –განაცხადა კუპრავამ.
სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ არსებული კანონით, საჯარო მოხელეს ეკრძალება დამატებით ანაზღაურებად სამსახურში საქმიანობა, გარდა იშვიათი გამონაკლისისა. საჯარო მოხელეს უფლება აქვს იმუშაოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მირანდა კუპრავას განცხადებით, სწორედ საგანმანათლებლო სისტემაში იმუშავებდა დამატებით, სამსახურის შემდეგ, რომელიც 18:00 საათზე სრულდება.
მირანდა კუპრავას "ფეისბუქპოსტები" საზოგადოების ყურადღების ქვეშ ხშირად  ექცვა. მის მიერ დაწერილი პოსტის გამო, რომელშიც ის საზოგადოებას კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილსა და ძაღლების ფესტივალს შორის არჩევანის გაკეთებას სთხოვდა,  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ბოდიში მოიხადა.
კუპრავას სახელს უკავშირდება  რამდენიმე პროექტის, მათ შორის  გია ყანჩელის,  კახიძის, რაჭველისა და რაჭველიშვილის კონცერტების ორგანიზება.
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი