ქუთაისის მერიის პრესსამსახურის განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა
ქუთაისის მერიის საზოგადეობასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოსტზე კონკურსი გამოცხადდა. მერიაში აცხადებენ, რომ ეკა მამისეიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვა.
როგორც მამისეიშვილი აცხადებს, ახალი მერი საკუთარი გუნდით მივიდა თვითმმართველობაში, თავად კი თანამშრომლებს ოთხწლიანი მუშაობისთის მადლობას უხდის.
"ახალი მერი საკუთარი გუნდით მოვიდა. ყოველთვის ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ პიარი ხელმძღვანელის აბსოლუტური ნდობით უნდა სარგებლობდეს. ამიტომ მე ჩემი განცხადების საფუძველზე დავტოვე განყოფილების ხელმძღვანელის პოზიცია. ჩემთვის დიდი პატივი და ასევე პასუხისმგებლობა იყო ოთხი წლის მანძილზე იმ ადამიანების გვერდით მუშაობა, რომლებმაც ამ ქალაქში პოლიტიკური სტაბილურობა შექმნეს. ამ ხნის მანძილზე, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, დასრულდა და მიმდინარეობს. ამ ოთხმა წელმა მნიშვნელოვანი არქივი შექმნა ჩემს ცხოვრებაში. თვითმმართველობაში ახალი გუნდი მოვიდა, წარმატებებს ვუსურვებ მათ.
მადლობა თანამშრომლებს, რომლებიც სიცხეში, სიცივეში, თოვლში, ყინვაში დღე და ღამე, სადღესასწაულო დღეებში, მერთან, საკრებულოსთან, სამსახურის უფროსებთან და ჩემთან ერთად მერიის საქმიანობას გამჭვირვალეს ხდიდნენ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მედია საშუალებებს, რომლებიც ოთხი წლის მანძილზე აშუქებდნენ და უფრო საჯაროს ხდიდნენ ჩვენს ქალაქში მიმდინარე მოვლენებს. თავად ჟურნალისტი ვარ და ვიცი ამ საქმის ფასდაუდებელი შრომა.
მედიასთან ჩემი ურთიერთობა გაგრძელდება, როგორც მეგობრულ, ასევე საქმიან რეჟიმში. ამჯერად ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში, სადაც ჩემი საქმიანობის მიმართულება ასევე მედიასთან ურთიერთობა იქნება," - ამბობს ეკა მამისეიშვილი.
ეკა მამისეიშვილი ყოფილი მერის შოთა მურღულიას წასვლის შემდეგ შვებულებაში იმყოფებოდა და განცხადება შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ დაწერა. მისი თქმით, თავად სპორტის ააიპში გადავიდა.
მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში წინადადებების მიღება 2018 წლის 10 იანვარს დასრულდება, რის შემდეგაც განყოფილების ხელმძღვანელი კომისიის მიერ პრეტენდენტებიდან აირჩევა. ამ დროისთვის მერიაში დაახლოებით 15 პოსტზე მიმდინარეობს კონკურსი.
ქალაქის მერიაში საკუთარი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს სხვა სამსახურის უფროსებმაც. ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარე კვირის ბოლოს სრულდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















