|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრში წარმატებული ქართველი ტენორი ირაკლი კახიძე იმღერებს

ქუთაისის  ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 6 ივნისს 19 საათზე პიეტრო მასკანის შედევრს - ერთმოქმედებიან ოპერას “სოფლის ღირსება” წარმოადგენს.  

“სოფლის ღირსებაში” მონაწილეობას მიიღებენ: უცხოეთში დიდი წარმატებით მოღვაწე ქართველი ტენორი ირაკლი კახიძე (ტურიდუ), ახალგაზრდა მომღერალი, ალექსანდრე ხომერიკის აღზრდილი, თბილისის ოპერის თეატრის მიწვეული სოლისტი თამარ ლებანიძე (სანტუცა), ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: ინგა ფუტკარაძე (ლუჩია), ბაკურ კვირიკაშვილი (ალფიო), ირმა შავგულიძე (ლოლა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.

ირაკლი კახიძე პირველი ქართველი ტენორია, ვინც ორანჟის ცნობილ, ძალზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე იმღერა 2018 წელს. ის დიდი წარმატებით მოღვაწეობს ევროპის ქვეყნებში.

"სოფლის ღირსება" იტალიელი მწერლის ჯოვანი ვერგას ნოველაა - პატარა ლიტერატურული შედევრი, რომელიც 1889 წელს გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც ძალზე წარმატებულმა ინსცენირებამაც შეუწყო ხელი. პიესა გამოირჩევა მოქმედების, სიუჟეტის მაქსიმალური კონცენტრირებულობით. ნაწარმოებში მოვლენები ვითარდება ერთი დილის - აღდგომის დილის განმავლობაში, რამაც ძალზე მიიზიდა პიეტრო მასკანი.

ლიბრეტოს შექმნაზე მუშაობდნენ ჯოვანი ტარჯონი-ტოცეტი და გვიდო მენაში.

"სოფლის ღირსების" პრემიერას 1890 წლის 17 მაისს რომში ტრიუმფული წარმატება ხვდა წილად, რის შემდეგაც ოპერა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიდგა და ვერიზმის მხატვრული პრინციპების, შემოქმედებითი პოზიციის ფართო გავრცელებას შეუწყო ხელი.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით 2018 წელს აღდგენილი სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე, მხატვარ-შემსრულებელი ირაკლი სვანიძე (სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის - თემურ არსენიძის სცენოგრაფიის მიხედვით).

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.73%
გაუარესდა - 46.94%
არ შეცვლილა - 16.33%
სულ - 49 ხმა