"გამიკვირდა, რომ არ იყო პროტესტი საპარლამენტო სტატუსის დაკარგვასთან დაკავშირებით"
„საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვა, ან შეცვლა, ყველაზე დიდი გამოწვევაა. გამიკვირდა, რომ არ იყო პროტესტი ამ კუთხით გამოხატული. ასევე ენერგეტიკის მარეგულირებული ეროვნული კომისიის - სემეკის გადატანა თბილისში. მე ვფიქრობ, ქუთაისმა ყველა სამუშაო ადგილის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს“,- განაცხადა ქუთაისში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე მოწვეულმა სტუმარმა აკაკი რუხაძემ. ის ამით ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვას გამოეხმაურა.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლის, აკაკი რუხაძის განცხადებით, სტრატეგიაში არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სხვა ქალაქების ინდრუსტრიული პოტენციალის შეფასება. მან ასევე შენიშვნები გამოთქვა ქალაქის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. რუხაძის განცხადებით, ქუთაისს ერთი სუპერმარკეტი აქვს - „ფუდმარტი“, მაგრამ მასთან მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია. მან ამის დამადასტურებელი ფოტო მასალაც წარმოადგინა.
აკაკი რუხაძემ მის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აეროპორტში რეისების დამატება, თუმცა ტურისტს არ აქვს საშუალება ღამით დარჩეს კოპიტნარში, ვინაიდან ირგვლივ არ არის სასტუმროები, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა.
მისი თქმით, "განვითარების გეგმაში მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომელიც ქალაქს გააჩნია. თუ ქუთაისი გახდება ლოჯისტიკური ცენტრი, ამასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაუმჯობესება, ასევე სასაწყობე მეურნეობის განვითარება“, - აღნიშნა გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ქუთაისში დღეს თვითმმართველი ქალაქების ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, სადაც ქუთაისის მერიამ ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმა "ქუთაისი 2020" წარმოადგინა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















