|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია: "ოპოზიცია ქალაქის განვითარების გეგმაზე მუშაობაში არ ჩაერთო"

ქუთაისში ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. სასტუმროში "ბაგრატი 1003" გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის მერიამ  განვითარების სტრატეგიული გეგმა „ქუთაისი 2020“ წარმოადგინა. შეხვედრას თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.  შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი.

ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილი იყო ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც 2020 წლისათვის უნდა განხორციელდეს ქალაქში. კონფერენციას ქუთაისის მერის მოადგილე კოტე ქავთარაძე და ეკონომიკის სამსახურის უფროსი პაატა ჭეიშვილი უძღვებოდნენ.  მათ  ქალაქის  განვითარების პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება. კოტე ქავთარაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქუთაისში გაიზარდოს მოსახლეობის რაოდენობა. მან ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია, შეიქმნას სოციალური საცხოვრისები უსახლკაროებისათვის. ქავთარაძის განმარტებით, ქალაქისთვის ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, კულტურული და სპორტული პროექტების განხორციელება.

ქალაქის მერის შოთა მურღულიას  განცხადებით,  ქუთაისის განვითარების გეგმაზე „ქუთაისი 2020“  მუშაობა დასრულების ფაზაშია. მისი განცხადებით, განვითარების გეგმის მონახაზი ყველა პოლიტიკურ პარტიას გადაეგზავნა, თუმცა მათი მხრიდან აქტივობა არ იყო. „ყველა პოლიტიკურ პატიას გადავუგზავნეთ ქალაქის განვითარების გეგმის მონახაზი, რომ მათი აზრიც გაგვეთვალისწინებინა, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მათი მხრიდან დაინტერესება ნაკლებად იყო",-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ქუთაისის განვითარების გეგმის მიღება  შეაფასეს  იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ  და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა. მათი განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

კონფერენციის დასასრულს ქუთაისსა და სხვა თვითმმართველ ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეგახსენებთ,  ქალაქის საშუალოვადიანი განვითარების ოთხწლიან გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე 7 პუნქტიანი გეგმა ჩამოყალიბდა, რომელიც ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს და ყველა პუნქტში ქუთაისს ლიდერის როლს აკისრებს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა