როგორ იქნება ქუთაისი წარმოდგენილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში?
როგორი იქნება მმართველი პარტიის საარჩევნო სია, რა პრინციპით იქნება ის შედგენილი და რა ადგილს დაიჭერს მასში ქუთაისის, ან იმერეთის წარმომადგენლობა, ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას "ნიუპრესი" შეეცადა.
როგორც მმართველი პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც ამავე დროს იმერეთის ვეცე-გუბერნატორია, განგვიცხადა, საკითხთან დაკავშირებით ზედმეტ კითხვებს არ სვამს.
„არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, როცა თემა დახურულია, ზედმეტად აღარ ვიჩიქჩნებით მასში“. კითხვაზე, „სიაში რომ აღმოჩნდეთ, ეს თქვენთვის მოულოდნელობა იქნება?“, აღნიშნა, რომ თვითონ სიაში ჩაწერას არ ელოდება, რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს, მისი თქმით, საუბარია, რომ ისინი სიაში იქნებიან, თუმცა სიის რა ნაწილში დაიკავებენ ადგილს, ამის შესახებ რაიმეს თქმა არ შეუძლია.
იქნებიან თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, ამის შესახებ ინფორმაციას არც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ფლობენ.
შეგახსენებთ, პარტიებს პროპორციული სიის წარდგენისათვის რამდენიმე დღე დარჩათ. ამ დრომდე ცესკოში საარჩევნო სიები პარტიებს არ წარუდგენიათ, თუმცა ძირითადი პარტიების საარჩევნო სიების შესახებ ინფორმაცია მეტ-ნაკლებად არსებობს. ზოგმა პარტიამ სიის პირველი ნაწილი, ზოგმა პირველი ათული, ან ოცეული, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი სრული სია გამოაქვეყნა, განსხვავებით მმართველი პარტიისაგან, რომლის საარჩევნო სიის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















