|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობო ორგანიზაციები ღარიბაშვილს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს სახალხო დამცველმა  არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას” წევრებისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის ფიზიკური განადგურების მუქარის შემცველი გზავნილები დაგმეს.

 მათი თქმით, ეს არის არა მხოლოდ ორგანიზაცია „იდენტობას”, არამედ ასევე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მუქარის შემცველი გზავნილები ვაჭარაძის მიერ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს კომენტირებას მოყვა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას ორგანიზაციის წევრების და მისი ყოფილი ხელმძღვანელის უსაფრთხოების დაცვისა და მათ მიმართ განხორციელებული მუქარების სამართლებრივი შეფასებისკენ მოუწოდეს.

"ყოველივე ამის ფონზე, შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური თანამდებობის პირის – დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის საჯარო სივრცეში 8 იანვარს გაკეთებული განცხადება.

საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის გამო, საჯარო მოხელის მიერ სამოქალაქო აქტივისტის შედარება ტერორისტების იმ ჯგუფთან, რომელთა შეიარაღებულ თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა პარიზში, უადგილო და უპასუხისმგებლოა.  ბრეგაძის განცხადება – „ამიერიდან ვაჭარაძე თავისუფლად შეგვიძლია ჩავწეროთ ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლ ექსტრემისტ-ტერორისტთა რიგებში”, შეუსაბამოა დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო მოხელის ქმედებასთან.

ერთი მხრივ, მუქარის შემცველი განცხადებები რადიკალი ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ –  სახელმწიფოს წარმომადგენლის ზემოაღნიშნული განცხადებები, დუმილი და უმოქმედობა სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც მსგავსი მუქარებისა და შემდგომი ძალადობის გამართლება და ღია წახალისება.

მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და ყველა იმ ინსტიტუციის წარმომადგენელმა, ვისი საჯარო შეფასებები საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომლებიც ხელს შეუწყობს შეუწყნარებლობის წახალისებას განსხვავებული მოსაზრებების გამო. თანამდებობის პირების მხრიდან სიტყვის თავისუფლების პატივისცემა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, რადგან დემოკრატიული საზოგადოება  მოსაზრებათა პლურალიზმს ეფუძნება, ხოლო გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა სწორედ ხელისუფლების ვალდებულებაა.

 

მოგმართავთ, იმსჯელოთ თანამდებობაზე სანდრო ბრეგაძის დატოვების მიზანშეწონილობის საკითხზე. შეგახსენებთ, რომ მინისტრის მოადგილის მიერ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებები ადრეც განხორციელებულა, რასაც მთავრობის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. მთავრობის უმოქმედობა ბრეგაძის მიერ გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი საჯარო განცხადებების  მიმართ, მათ შეწყნარებად შეიძლება იქნას განმარტებული და მათ მთავრობის პასუხისმგებლობის სფეროში აქცევს", - ნათქვამია სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ.

მიმართვას ხელს აწერს სამოქალაქო პლატფორმაში "არა - ფობიას!" შემავალი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ შორის:  მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "იდენტობა" და აერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა