|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თემო არაბული: „ნასახლარებზე სევდები წვანან“

ნიუპრესი“  აგრძელებს  საინტერესო ადამიანების მკითხველისათვის წარდგენას. ამჯერად ახალგაზრდა ხევსურ პოეტს გაგაცნობთ. მისი ლექსების უმეტესობა ხალხისთვის ნაცნობი სიმღერების ტექსტებია.   ბევრს ისინი ხალხური ჰგონია. ერთ-ერთი ასეთი სიმღერაა გიორგი დათიაშვილის „ნასახლარებზე“.

 ჩვენი სტუმარია ნაცნობი ტექსტების „უცნობი“ ავტორი  თემო არაბული.

-   პირველ რიგში, თქვენს შესახებ მოგვიყევით.

-   ჩემს შესახებ ლაპარაკი ცოტა მიჭირს ხოლმე, მაგრამ რაც შესაძლებელია, გეტყვით. წარმოშობით ხევსურეთიდან ვარ, ისე, თელავში დავიბადე. ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. ვსწავლობ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე.

-  მოგვიყევით, როგორია ცხოვრება ხევსურეთში  და რა პრობლემები აქვთ ადგილობრივებს.

-  ბევრი ოცნებობს იქ ცხოვრებაზე და ზღაპრად ესახებათ ხევსურეთი, მაგრამ არაა ადვილი იქ ყოფა-ცხოვრება, შექმნილი პირობების გამო... პირველ რიგში, არის გზების პრობლემა და არ არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საშუალება... ალბათ, ამიტომ ცარიელდება სოფლები სწრაფი ტემპით და ძირითადად, მხოლოდ მოხუცები და ნასახლარებია შემორჩენილი ...ნასახლარებზე სევდები წვანან, და მისტირიან ჩამოშლილ გვერდებს, სტკივათ...ყიდიან და ასე წვავენ, მამა-პაპების ნაშენებ კედლებს“.

- როგორია ხევსურეთი პოეტის თვალით?

- ტიალო საჯიხვეებო, შემოხვეულო ნისლითა, არწივის ბრჭყალნო,ნაწითლნო, შავი ყოვების სისხლითა, მინდვრებზე ჭრელო ყვავილო, მოსაუბრეო სიტყვითა, ზეცაზე ხშირნო ღრუბელნო, წაღმა-უკუღმ რომ მისდითა, კლდის თავზე ქუდად თოვლებო, მწვერვალ რომ ვერ მაგიხდითა, ღამით კაშკაშა ვარსკვლავნო, როცა ტკბილ სიზმრებს იტყვითა, ჩემო არაგვის გუგუნო, ნავალო მოხვრა-მიხვრითა, ეზოებს გამარეულნო, ბალღებო პერანგ-წინდითა, "ბაკში" პაპაის ფარაო, ახლად მოსულო მინდვრითა, ჭიუხვზე მთვარის დადგომა, ხათრიანად და რიდითა, კარში ძაღლების ყეფაო, დილით რომ გამაღვიძითა, ბილიკზე ცხენით დგომაო, მთის ბოლოში რო მივდითა, ხის ძირში ქორფა იებო, მალედავ ამაცვივდითა, ახლა კი გულზე ნახმლევო, ყველა რომ მამაფიქრდითა, როგორც უწინავ მინდოდით, აისრავ შამამინდითა. ყველაფერია ჩემთვის ხევსურეთი. ეს ჩემს შემოქმედებასაც ეტყობა...

-  ერთგან თქვი, რომ თავს პოეტად არ მიიჩნევ, რატომ?

-  ჩემი აზრით  „პოეტი“ რომ დაირქვა, უნდა შეგეძლოს ამ სიტყვის მნიშვნელობა სრული პასუხისმგებლობით იტვირთო.. მე კი ჩემს თავში არ ვარ ჯერჯერობით დარწმუნებული და ამიტომ არ მივიჩნევ საკუთარ თავს პოეტად.

-  შეგიძლია შენი შემოქმედებიდან გამოყო ერთი ლექსი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?

-  ლექსების გამორჩევა არ შემიძლია, არც მაქვს ჩემი ლექსებიდან რომელიმე ამოჩემებული. გააჩნია განწყობას და ხასიათს, ხან რომელი მომწონს, ხანაც რომელი.

-  როგორც ვიცით, შენი ლექსები კარგად იმღერება. ამის შესახებ  რას იტყვი?

-  კი ჩემს ტექსტებზე არის შექმნილი სიმღერები.  სულ რვა სიმღერა დაიწერა, მათ შორის არის გიორგი დათიაშვილისნასახლარებზე”.  პირველებმა, ვინც ჩემი ლექსის ამღერების სურვილი გამოთქვეს,  იყვნენ დები გოგოჭურები.   ვფიქრობ, ძალიან კარგია, როდესაც  ლექსი მხოლოდ ლექსად არ რჩება და მისი სიმღერად ქცევაც შესაძლებელია.  ეს ერთგვარი ემოციაცაა და სტიმულიც.

-  რას იტყვით თანამედროვე პოეტებზე?

-  ჩემი აზრით, თანამედროვე პოეზიაში ძალიან ბევრია გამორჩეული და კარგი პოეტი, რომელთა შემოქმედებასაც, ვფიქრობ, აქვს დიდი მომავალი. თუმცა ამ ბოლო დროს პოეზია ერთგვარ მოდად გადაიქცა და თითქმის ყველამ კალამი აიღო ხელში,  მაგრამ მთლიანობაში არის ნიჭიერი თაობა და მომავალში ბევრის სახელი გამოიკვეთება ჩვენი თაობიდან.

-  როგორია შენი სამომავლო გეგმები? როგორი წარმოგიდგენია შენი თავი წლების შემდეგ?

-  მომავალს წინასწარ არასოდეს ვგეგმავ. ვფიქრობ, წერას ყოველთვის გავაგრძელებ. ვსწავლობ და იმედია, მექნება ჩემი საქმეც. სხვა განსაკუთრებული არაფერი მაქვს დაგეგმილი.  ერთერთი ჩემი დიდი ოცნება არის ხევსურეთში დაბრუნება. დანარჩენი ღვთის ნებაა და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანა ჯიქია