|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისური ჯაგრისები ევროპული სავაჭრო ნიშნით [Video]

ქუთაისის ინდუსტრიული ჯაგრისების ფაბრიკა "ინჯაფაში" 50-მდე დასახელების ჯაგრისს აწარმოებენ. "ინჯაფაში" დამზადებული მთლიანი პროდუქციის რეალიზაცია, ევროპული სავაჭრო ნიშნით "პერომაქსი", საფრანგეთსა და რუმინეთში ხდება.

ქუთაისური საწარმო ფრანგმა მესაკუთრე, ნიკოლა ტიერი კიბლერმა 2006 წელს დააარსა.

ჯაგრისები სხვადასხვა ნედლეულისგან მზადდება და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს.

ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჯაგრისების გარდა, საწარმოში სამრეწველო და ინდუსტრიული დანიშნულების ჯაგრისებს ამზადებენ.

კომპანია "ინჯაფაში" ჯაგრისების დასამზადებლად ადგილობრივი ნედლეულიდან მხოლოდ ქართულ ხის მასალას იყენებენ. უცხოეთიდან კი საკმაოდ ძვირადღირებული და იშვიათი ნედლეული შემოაქვთ, როგორიცაა ქოქოსის და პალმა პიასავას თოკები, რკინისა და სპილენძის მავთულები, ასევე, სხვადასხვა ფერის პლასტმასის თოკები.

ჯაგრისებისათვის აუცილებელი ხის დეტალები, ადგილზევე, საწარმოს ხის დამამუშავებელ საამქროში კეთდება. სხვადასხვა ფორმის და ზომის შაბლონებიდან ჯაგრისის  ტარები მზადდება, რომლებსაც შემდეგ პარაფინში ან ლაქში ამუშავებენ. ერთი ჯაგრისის დამზადება დაზგაზე რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.

რკინის ჯაგრისს ხის დეტალი არ აქვს. თუმცა, მის დამზადებას ძალიან მცირე დრო სჭირდება და მათ დასამზადებლად საწარმოში მომუშავე ქალბატონების ძალისხმევაც საკმარისია.

რკინის ჯაგრისები ევროპაში ბუხრების საწმენდად გამოიყენება. სავარაუდოდ, საქართველოში მათი გაყიდვა არ იგეგმება. ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის მხოლოდ ის ნაწარმი გაიყიდება, რომელსაც ქართველები ტრადიციულად მოვიხმართ.

საქართველოში "ინჯაფას" პროდუქციის შეძენა, სავარაუდოდ, მომავალ წელს იქნება შესალებელი. მანამდე კი ქუთაისური ჯაგრისებით ევროპელები ისარგებლებენ.

ევროპაში კიბლერების ოჯახი ანალოგიური პროფილის ქარხნებს საფრანგეთსა და რუმინეთში ფლობენ.

ჯაგრისების პირველი მწარმოებელი კომპანია ნიკოლა კიბლერის მამამ, 50 წლის წინ, საფრანგეთში დააარსა. 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა