|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ეკლესია ფაქტობრივად უფრო და უფრო შორდება ქრისტიანულ ღირებულებებს“

17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ვანდალურმა დარბევამ ბევრი კითხვა გააჩინა.  რამ წარმოშვა ასეთი მასშტაბის აგრესია საქართველოში? რატომ იქცა საქართევლოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ აგრესიის მხარდამჭერად?სად მიიყვანს ეს გზა ქართულ სახელმწიფოს? 

Newpress.ge -ს კითხვებს პასუხობს ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილი.

- უმცირესობებზე განხორციელებული ძალადობის აქტებიდან, რასაც საქართველოში ამ ბოლო ხანებში ჰქონდა ადგილი, თავისი მასშტაბებით და აგრესიით ალბათ ვერც ერთი  „შეედრება“ 17 მაისის დარბევას.რამ დაბადა ეს აგრესია და შიში სწორედ ლგბტ თემის მიმართ საზოგადოებაში?

- სამწუხაროა, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქარველოში იქცა ჰომოფობიის გამოვლენის დღედ. ამან აჩვენა თუ რამდენად დიდია ირაციონალური შიში ჩვენს საზოგადოებაში იმის მიმართ, რასაც ქვია განსხვავებული სექსუალური იდენტობის მქონე ადამიანები. ეს არის ირაციონალური მიმართება,  რაც განპირობებულია უცოდინარობით და გაუცნობიერებლობით საკითხის შესახებ. ამ ადამიანებს, რომლებიც ვნახეთ ქუჩაში გამოსულები, გონიათ, რომ თუ მავანს აქვს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, სხვას ამით საფრთხე ექმნება და რომ ჰომოსექსუალობა გადამდებია?! რისი შიში აქვთ?! თუკი მათ გონიათ, რომ ჰომოსექსუალობა გადამდებია, გამოდის არ იციან რას ნიშნავს სექსუალური ორიენტაცია. თვლიან, რომ მავანი ვინმეს რყვნის? უკაცრავად, მაგრამ ქუჩაში ათასობით აგრესიული ადამიანის სირბილი და „მოგკლავთ!“  „დაგხოცავთ!“ ძახილი, უფრო დიდი გარყვნილებაა, თუ ის, სხვას როგორი სექსუალური ცხოვრება აქვს?! ქართული საზოგადოების მთელი პრობლემა ის არის, რომ ის, რასაც სამოქალაქო თავისუფლება და პირადი ცხოვრების თავისუფლება ჰქვია, გაუგებარი და გაუმიჯნავია ერთმანეთისაგან. პირადი თავისუფლების და სამოქალაქო თავისუფლების სივრცეებს შორის გამიჯვნა ცივილიზებულ სამყაროში განმანათლებლობის ეპოქაში თავისუფლების ცნებაზე რეფლექსიამ მოიტნა. ფაქტობრივად, თუკი ჩვენ ოდესმე გვინდა ვიცხოვროთ თავისუფალ საზოგადოებაში, რომელიც იქნება დემოკრატიულ პრინციპებზე მოწყობილი - პირადი ცხოვრების თავისუფლება არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი სივრცე. ჩვენთან პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები ამ პირადი ცხოვრების თავისუფალ სივრცეს არ უტოვებენ ერთმანეთს. მოითხოვენ, რომ თუკი მავანი არის განსხვავებული, მაშინ მან არ აჩვენოს თავისი განსხვავებულობა და ითვალთმაქცოს. განსხვავებულობა ადამიანის ინდივიდუალობის საფუძველია. არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. ამიტომ ქრისტიანული მსოფლხმედველობის უმთავრესი ღირებულება არის რა ადამიანი, მისი მთავარი ღირებულება ამ ადამიანის ინდივიდუალობაც და განსხვავებულობაცაა. “ყოველი ჩვენგან საკუთარი თავისთვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს,” პავლე მოციქულის ეს სიტყვები რომაელთა მიმართ ეპისტოლედან აფუძნებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ეთიკას და შესაბამისად, ინდივიდის შეუცვლელ ღირებულებას. ის კი, რასაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელ საქართველოში ქრისტეს სახელით, ეს არის სურვილი კვლავ და კვლავ დაინახო ის ტოტალური ერთნაირობა, რაც იყო იმ ტოტალიტარულ საზოგადოებაში, საიდანაც მოვდივართ - საბჭოთა კავშირში. ადამიანების სურვილი და მისწრაფება, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, - ვინც განსხვავებულია ის იყოს დისკრიმინებული, რეპრესირებული, დაფარული - მეტყველებს იმაზე, რომ ამ ხნის განმავლობაში არ მოხდა არც სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა თუ ამაღლება და არც ქრისტიანული ღირებულებების გათავისება. სხვანაირად ესეთი დიდი ტოტალური ერთნაირობის მოთხოვნილება  ვერ იარსებებდა.  

- აღნიშნული „ტოტალური ერთნაირობის“ მოთხოვნილება მოდის ეკლესიიდანაც. ეკლესია არ ცნობს განსხვავებულს და 17 მაისის მოვლენებმა აჩვენა, რომ მისი წარმომადგენლები მათთვის მიუღებელ, არამათნაირ ადამიანებს ფიზიკურადაც უსწორდებიან...

- ჩვენი ეკლესია ფაქტობრივად უფრო და უფრო შორდება ქრისტიანულ ღირებულებებს. ღირებულებებს, რომელიც გულისხმობს მოყვასის სიყვარულს. ქრისტიანული სწავლებისთვის მოყვასში არ იგულისხმება მხოლოდ შენი ახლობელი, ნათესავი და მეგობარი, არამედ მტერიც კი. სიყვარული ადამიანის, რომელიც შენს მიმართ დაპირისპირებულია  და შენი მოწინააღმდეგეა. ფაქტობრივად, ეკლესიის მცდელობა იყოს დომინირებული სამოქალაქო, საჯარო სივრცეში, როგორც ერთადერთი აქტორი, რომელიც განაპირობებს ღირებულებებს, ქცევის ნორმებს და პოლიტიკურ კლიმატსაც კი, ეს ტენდენცია ყოველდღიურად მძლავრობს და სულ უფრო ვემსგავსებით რელიგიური ფუნდამენტალიზმის ქვეყანას.  ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია. სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების მიერ ეკლესიისადმი ლოიალობით პოლიტიკური ქულების დაწერა უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. მცდელობა იმისა, რომ ეკლესიის დახმარებით მანიპულირება მოხდეს ელექტორატზე, რეალურად განაპირობებს იმას, რომ ქვეყანაში წარმმართველი და განმსაზღვრელი პოლიტიკური, სოციალური და ღირებულებითი  განვითარებისა ხდება ეკლესია. ეს არის საბოლოო სტატუს კვო, რომელიც გვაქვს.  რაც ამ ტენდენციებით შეიძლება მივიღოთ არის ირანი. ამიტომ ყველა უნდა დაფიქრდეს, უნდა თუ არა ირანში ცხოვრება.

- პოლიტიკოსების თუ საზოგადოების სხვა წევრების რიტორიკაში დამკვიდრდა ტერმინი „უმრავლესობის უფლებების დარღვევა“. მათი შეხედულებით ამ უფლებებს სწორედ უმცირესობები არღვევენ თავიანთი არსებობით. იქნებ როგორმე ახსნათ მაინც რას უნდა ნიშნავდეს „უმცირესობის მიერ უმრავლესობის უფლებების დარღვევა“ საქართველოში?

- სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკოსები აკეთებენ ასეთ განცხადებებს. ეს ნიშნავს, რომ მათ ელემენტარულად არ იციან ის დემოკრატიული ღირებულებები, რომელსაც მათი პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა ემსახურებოდეს და რისთვისაც ისინი მოსახლეობამ აირჩია. უმრავლესობის უფლებებს ვერანაირად ვერ შელახავს უმცირესობა. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ უმრავლესობა ლახავს უმცირესობის უფლებებს. ქვაკუთხედი, რაზეც დგას დემოკრატიული საზოგადოება არის ის, რომ ყველა თანასწორია, განურჩევლად იმისა უმცირესობას მიეკუთვნება იგი რაიმე ნიშნით, თუ უმრავლესობას. ეს ნიშნავს კანონის წინაშე თანასწორობას და უფლებებით თანასწორობას. როდესაც მე, ამ საზოგადოების უმრავლესობის წევრი, უფლებებს, რომელსაც ჩემი თავის მიმართ მოვიაზრებ, მივაწერ ამ საზოგადოების ყველა წევრს, სწორედ მაშინ ვაღიარებ მათ თანასწორად  და ჩემს მსგავსად. აქ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს საზოგადოებაში უმცირესობებს რეალურად არ ვაღიარებთ ჩვენს მსგავსად  და ჩვენს თანასწორად. უფლებრივი თვალსაზრისით მიგვაჩნია, რომ იქნება ეს რელიგიური, სექსუალური, ეთნიკური უმცირესობა, მათ არ უნდა ჰქონდეთ ისეთი უფლებები, როგორიც ჩვენ გვაქვს. ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ არის ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული მსოფლმხედველობა. თუკი შევხედავთ ბოლო პერიოდის ტენდენციებს, აქტიურად ხდება ადამიანების მიმართ ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულების აღორძინება. ჩვენ გვქონდა ეს დამოკიდებულება გასული საუკუნის 90-იან წლებში და მივიღეთ მისი შედეგები უმძიმესი პოლიტიკური და სოციალური კატაკლიზმებით. დღეს არის მცდელობა ასეთი ფაშისტური მიდგომების აღორძინების, ამჯერად უკვე რელიგიურ-ფუნდამენტალისტურ კონტექსტში. ცოტა ხნის წინ იყო მუსლიმების წინააღმდეგ აგრესიული პროპაგანდა. აგრესიული კამპანია, რომელიც რელიგიური ნიშნით ხორციელდებოდა. ახლა ვიღებთ უფრო მოწყვლადი სოციალური ჯგუფის მიმართ აგრესიულ კამპანიას. ხვალ  რას მივიღებთ, არ ვიცით. ეს კი, ჩვენი საზოგადოების, როგორც  სოციალური ქსოვილის დაშლას იწვევს. ასეთ აგრესიულ სასიცოცხლო სივრცეში არა მხოლოდ ის უმცირესობები გრძნობენ თავს ცუდად, რომლებიც მიეკუთვნებიან რელიგიურ ან სხვა რომელიმე უმცირესობას, არამედ უმრავლესობის წარმომადგენლებიც. ეს გაზრდის მიგრაციას საქართველოდან.

- მაინც როგორ „ახერხებენ“ ადამიანები ჩვენს ეპოქაში, როდესაც ასე ხელმისაწვდომია ინფორომაცია  და განათლება,იყვნენ ასე არაინფორმირებულნი?

- კვლევებმა აჩვენა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი მოიხმარს ინტერნეტს ინფორმაციის მისაღებად და საკუთარი თვალსაწიერის გასაფართოვებლად. უმრავლესობა მოიხმარს გასართობად. პრობლემაა განათლების სისტემა, სასკოლო განათლების სისტემას ვგულისმობ პირველ რიგში. მომძლავრებული ეთნოცენტრისტულ-შოვინისტური ღირებულების ჩანერგვა ადამიანების  გონებაში და მათთვის ყველანაირი თავისუფალი,  კრიტიკული აზროვნების უნარის წართმევა, - ეს არის ის, რასაც  ფაქტობრივად ემსახურება სკოლა 12 წლის მანძილზე. შემდგომში ამის შეცვლა არის ძალიან რთული. სკოლაში, სადაც ხდება  მოქალაქის ჩამოყალიბება, მას მიეწოდება შოვინისტური ნარატივები და არ მიეწოდება არანაირი ინფორმაცია სამოქალაქო განათლებაზე, რადგან სკოლაში არ არსებობს შესაბამისი კადრები. ამის შემდეგ საიდან გვინდა ჩვენ რომ მივიღოთ ადამიანი, რომელსაც ექნება სამოქალაქო ღირებულებები და სამოქალაქო ცნობიერება?! მოქალაქედ შედგომა ამ ქვეყანაში არის სტიქიურ შემთხვევითობას მინდობილი. ვიღაცას გაუმართლებს, დაიბადება ოჯახში, სადაც მშობლები ლიბერალური ღირებულებების მატარებელნი არიან, ან არ გაუმართლებს და დაიბადება ოჯახში, სადაც ფუნდამენტალისტურ-შოვინისტური ღირებულებები სჭარბობს. საშუალო განათლება სწორედ იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მიუხედავად ამ სხვაობებისა, ვინ სად იბადება, ყველას ჰქონდეს ელემენტარული სამოქალაქო ცოდნა. სასკოლო განათლება ამაში ვერ მონაწილეობს. პირადი გამოცდილება მოწმობს, რომ ძალიან რთულია შემდეგ, თუნდაც საბაკალავრო საფეხურზე, ადამიანის ღირებულებებში ძირეული და პრინციპული გარდაქმნების შეტანა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი