|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავეს

 თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

კერძოდ, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა.

გამოძიების თანახმად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს.

„როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, 2023 წლის 18 ივლისს, ასევე მიმდინარე წლის 1 თებერვალს, ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური ქოლ-ცენტრების და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური უწყების წარმომადგენლების ჩართულობით და ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა.

ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას.

ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით.

გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.

ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის უკვე მდიდარი გამოცდილება აქვს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ დანაშაულებზე, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ, 2021-2024 წლების პერიოდში, დაწყებულია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული 72 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ.

ამავდროულად, საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების სხვა ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით”, - განაცხადეს პროკურატურაში

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.26%
გაუარესდა - 52.78%
არ შეცვლილა - 12.96%
სულ - 108 ხმა