წყალტუბოს საარჩევნო კომისიის წევრებს 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ
წყალტუბოს საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებსაც ბრალი "ქართული ოცნების" სასარგებლო აგიტაციაში ედებათ, სასამართლომ ჯარიმა დააკისრა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამ პირს 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
როგორც წყალტუბოს #58–ე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა ლოლა ფანცხავამ "ნიუპრესს" განუცხადა, სასამართლო გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი. რაც შეეხება სხვა სასჯელს, ფანცხავას თქმით, ბრალდებულებზე სხვა სახის ჯარიმა არ განხორციელდა, რადგან სასამართლოს მიმართვამდე მათ კომისია დატოვეს.
შეგახსნებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 28 აპრილს, ცესკო-ში შევიდა განცხადება, რომელიც ეხებოდა წყალტუბოს №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების, №49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ფიქრია კურასედიანის, ამავე კომისიის მდივანის ნანი ქუთათელაძის და წევრის, ნუკრი იმედაძის წინასაარჩევნო აგიტაციაში შესაძლო ჩართულობას.
ამის შემდეგ განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის, უფლებამოსილ №58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარეს გადაეგზავნა. საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში მათ გარდა მონაწილეობდნენ №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ლია ქობალია და №50 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მზევინარ იობიძე.
საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















