|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გენადი მარგველაშვილი: "პირველ ტურში 11,3 %-იანი უპირატესობით გავიმარჯვე"

თუ ქუთაისის ჯერ კიდევ  მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე მოვლენებს ისტორიულ პრიზმაში განიხილავს, დეპუტატობის კანდიდატი გენადი მარგველაშვილი პროცესების მათემატიკურ ანალიზს გვთავაზობს.

"ნიუპრესის" კითხვაზე, თუ როგორ სტრატეგიას აირჩევს მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი პასუხობს: „პირველი, ღირსეული კანდიდატი მყავს, მეორე, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ პოლიტიკოსი, პირველ ტურში 11,3 %-იანი უპირატესობით გავიმარჯვე. ეს არის შტაბის, პარტიის და მხარდამჭერების ერთსულოვანი მუშაობის შედეგი.  მესამე, მე დავთვალე და გამოვიდა,  რომ 6-7 ათას ადამიანს შევხვდით, როგორც ჩანს, 22 ათას 600-ზე მეტი ამომრჩეველი გამოვიდა არჩევნებზე. (ანუ, არის რესურსი იმ ამომრჩეველის, რომელიც არ მივიდა პირველ ტურში)  მინდა,  რომ კიდევ მეტ ადამიანს შევხვდე და ჩემი გულის ცემა გადავდო“, - განაცხადა მარგველაშვილმა. მისი თქმით, ის ამომრჩეველთან განათლების მნიშვნელობასა და ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მოსალოდნელ, მათ შორის  ეკონომიკურ შედეგებზე საუბარს აპირებს.  

რაც შეეხება,  "ქართული ოცნების" მიერ შესაძლო  საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას, დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს: „ეს ნამდვილად  ჩვენი ბრალი არ არის,  ეს იმ პარტიების ბრალია, რომლებმაც ხმების მიღება ვერ მოახერხეს“.  მისი თქმით, სახელისუფლებო შტოების ერთი ძალის ხელში მოქცევა საფრთხეს ავტორიტარული რეჟიმის პირობებში წარმოადგენს, ახლა კი ეს საფრთხე ქვეყანას არ ემუქრება.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, მარგველაშვილიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს პარლამენტი უნდა ირჩევდეს. „თუ  საპარლამენტო ქვეყანა გვაქვს, მაშინ პრეზიდენტიც პარლამენტის მიერ უნდა ირჩეოდეს“, -აღნიშნა მან.

მეორე ტურისათვის ემზადება დეპუტატობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი თევდორაძე,  თუმცა მისი თქმით,  პარტია მობილიზებას გააკეთებს იმ ოლქებში, სადაც განსხვავება ნაკლებია და გამარჯვების მეტი შანსი არსებობს. მისი თქმით, "ხელისუფლებასთან, მით უფრო, ახალ გამარჯვებულ ხელისუფლებასთან ჭიდილი ძალიან ძნელია".  

შეგახსენებთ, პირველი ტურის შედეგებით,  გენადი მარგველაშვილმა ხმების 40, 77 %, ხოლო გია თევდორაძემ 29, 47% მოიპოვა. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა