პარლამენტმა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
როგორც იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის მარტში მიღებული კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე აღმოჩნდა უცხოელთა განსაზღვრული კატეგორია (2000-მდე პირი), რომლებიც, ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის დადგენილი პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო, დაჯარიმებას და საქართველოდან გაძევებას ექვემდებარებოდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარდამავალ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების შეღავათიანი პირობების დადგენა.
გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ მიზანშეწონილია, საქართველოში მყოფმა უცხოელებმა საიმიგრაციო ვიზა უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიიღონ.
2014 წლის 14 ნოემბერს, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად, კანონი შემდეგი სახის შეღავათებს აწესებს:
საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ამ მიზნით უცხოელმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში მისი კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა. ამ ტიპის ვიზის გაცემისთვის განისაზღვრა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით;
ცვლილების თანახმად, სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლებს ემატება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის ფლობა. აღნიშნული ცვლილება შექმნის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირთა საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივ საფუძველს და ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოსთან კავშირის შენარჩუნებაში;
ავტორი: ნიუპრესი