|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არაპროპორციული ხელფასები ქუთაისის მერიის ააიპებსა და შპს-ებში

ქუთაისის საკრებულოს წევრი მერაბ მეშველიანი ქუთაისის მერიის ააიპებსა და შპს-ებში არსებულ არაპროპორციულ ხელფასებზე საუბრობს.  მისი თქმით, მაღალი ხელფასები "პარტიული ტიპებისა" და მერის მაღალჩინოსნების ახლობლების უპირატესობაა.

 

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ქუთაისის მერიის ააიპებსა და შპს-ებში შრომის ანაზღაურების საკითხს შეეხებოდა, გამოიკვეთა, რომ ააიპების ხელმძღვანელთა სახელფასო ანაზღაურება სხვადასხვაგვარია.  ამასთან, ააიპის ხელმძღვანელებს, ხშირ შემთხვევაში 2, ან 3 მოადგილე ჰყავთ.

ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქუთაისის მერიის 11 ააიპსა და 4 შპს-ს შორის  ყველაზე მაღალი ანაზღაურება ააიპი "სპეციალური სერვისის" ხელმძღვანელს აქვს -2 100 ლარის ოდენობით, მას სამი მოადგილე ჰყავს, თითოეულის ანაზღაურება 1600 ლარს შეადგენს. უფროსისა და მისი სამი მოადგილის სახელფასო ანაზღაურება თვეში ჯამში 6900 ლარია..
2000 ლარი აქვს ხელფასი "ქუთგანათების სერვისის" ხელმძღვანელს, მასაც 3 მოადგილე ჰყავს,  თითოეული 1300 ლარის სახელფასო  ანაზღაურებით. 
2 ათასი ლარი აქვს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელსაც, მას 2 მოადგილე ჰყავს, ასევე სპორის ააიპის ხელმძღვანელს -მას 3 მოადგილე ჰყავს და საკალათბურთო გუნდის "ქუთაისი 2010" ხელმძღვანელს, მას მოადგილე საერთოდ არ ჰყავს.
ამათ მოსდევს შპს "ქართული ტრადიციები", რომლის ხელმძღვანელის ხელფასი 1800 ლარია.
4 ორგანიზაციის ხელმძღვანელს აქვს 1500 ლარის ოდენობით ხელფასი- ესენია- კულტურის ააიპი, ტურიზმის, სტადიონის, ფოლკლორის ცენტრი. 
დანარჩენების ხელფასები მერყეობს 1300 -875 ლარს შორის.
 
 თანამშრომლების რაოდენობის მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვანი ააიპი - ბაგა-ბაღების გაერთიანებაა, 1723 თანამშრომლით, მას მოსდევს სპორტის ააიპი- 524 თანამშრომლით, მესამე ადგილზე  ააიპი "სპეციალური სერვისებია"  513 თანამშრომლით,  ხოლო კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება 386 თანამშრომლით მეოთხე ადგილს იკავებს.  
 
 მერაბ მეშველიანის გაანგარიშებით, ჯამში მერიის ააიპებში 3649 ადამიანი მუშაობს. მისი თქმით, შტატების გაბერილია და ხშირად ფუნქციების დუბლირება ხდება. ამის ფონზე კი ხშირად რეალური პრობლემები გადაუჭრელი რჩება. მაგალითად მეშველიანი ააიპ 'სპეციალურ სერვისებში" შემავალ "მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ცხოველების იზოლირების სამსახურს" ასახელებს. 
 
მეშველიანი მიუსაფარი ძაღლების პრობლემის ფონზე სამსახურის თანამშრომელთა დიდ რაოდენობაზე საუბრობს.
"სამსახურში 31 ადამიანია დასაქმებული, ამათგან 29 შტატით, 2 შტატგარეშე თანამშრომელია, სამსახურის უფროსის ანაზღაურება თვეში 1200 ლარს შეადგენს. თვეში აღნიშნული სამსახურისათვის 12 ათას ლარამდე მხოლოდ ხელფასებში იხარჯება,  წელიწადში კი ეს თანხა 139 000 ლარს შეადგენს.
 
"139 ათასი ლარი იხარჯება წელიწადში მხოლოდ იმ სამსახურის სახელფასო მომსახურებისათვის, რომლის  დანიშნულებასაც მიუსაფარ ცხოველების იზოლაციას და მათი მოვლა-პატრონობა წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ ეს ფუნქცია შესაბამისად არ სრულდება, რადგანაც ქალაქის ცენტრში და კიდევ უფრო მეტად, გარეუბნებში მოძრაობს აგრესიული ძაღლების ჯგუფები, რომლებიც საშიშროებას უქმნიან მოსახლეობას.  ამასთან, უნდა ხდებოდეს ამ ძაღლების კვება და მშიერი ძაღლები საკვებს ქალაქის ქუჩებში არ უნდა ეძებდნენ",  -განაცხადა მეშველიანმა. 
 
 საკრებულოს წევრის თქმით, ააიპების იმ თანამშრომლებს,  რომლებიც რეალურად სამუშაოს შემსრულებლები არიან, გაცილებით და ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ  დაბალი ხელფასები აქვთ, ხოლო მაღალი ხელფასებით "ქართული ოცნების" პარტიული კადრები და მერიის მაღალჩინოსნების ახლობლები და ნაცნობები სარგებლობენ. ისინი, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები არიან.
"მაგალითად, რა ლოგიკით აქვს ქართულ ტრადიციებში ხელშეკრულებით აყვანილ მოადგილეს 1700 ლარი, როდესაც შტატში მყოფი თანამშრომლის ხელფასი არის გაცილებით დაბალი?"-კითხულობს მეშველიანი. მისი თქმით, ყველაზე დაბალი ხელფასები ბიბლიოთეკის, ბაგა-ბაღების  თანამშრომლებს, კულტურის ააიპის ფილიალების თანამშრომლებს აქვთ.  
 
შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" მიერ წარმოდგენილი კვლევის თანახმად, ქუთაისის მერიის 15 ააიპსა და შპს-ში  3649 ადამიანია დასაქმებული, ამათგან შტატით 3469 ადამიანია, შტატგარეშე 180 თანამშრომელია, მათი ხელფასებისათვის წელიწადში  18 101 817 ლარი გაიცემა. 
 "ევროპული საქართველოს" განცხადებას ქუთაისის მერიაში უპასუხეს. მერიის განცხადებით, სახელფასო დანამატები ზეგანაკვეტური შრომისათვის გაიცა.
 
 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა