|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ცვლილებები შედის „განათლების კანონში“ - დეტალები

 „ქართული ოცნების“ პარლამენტში  „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს. 
ცვლილებების თანახმად, სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წელი, რომელიც გადანაწილდება შემდეგნაირად: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი− X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი− XII კლასი). ამასთან, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.

გაუქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, ვინაიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.

სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად პირობებს.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც აგრეთვე დაამტკიცებს სამინისტრო.

ცვლილებებით, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

 

ავტორი: